English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ვახტანგ ჩქარეული
სახელმწიფოს მოქმედება და ეკონომიკური თავისუფლება

გაფართოებული რეზიუმე

ზოგადად, ტოტალიტარული საზოგადოება მოქმედებს პრინციპით - „მიზანი ამართლებს საშუალებას“, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ხალხი. ისინი მიიჩნევენ, რომ „საშუალება“ შესაძლებელია იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი თანამშრომლობა, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს რაიმე ფორმით ჩარევას მესამე მხარისგან.

ადამიანზე ითქმის რომ არის ეკონომიკურად თავისუფალი თუ სრულდება ორი მნიშვნელოვანი პირობა, ა) საკუთრებას, რომელსაც ის მოიპოვებს თაღლითობის ან რაიმე ფორმით ძალის გამოყენების გარეშე დაცულია (ჩამორთმევისგან და ა.შ) და ბ) მას აქვს სრული თავისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენეს, გაცვალოს ან გადასცეს სხვა ადამიანს, თუ მისი ქმედება არ ზღუდავს სხვა ადამიანების იმავე უფლებებს.

თამედროვე მსოფლიოში, ეკონომიკური თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას, რამეთუ ყველას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა სად და რამდენი საათით იმუშაოს, აწარმოოს კანონით დაშვებული ნებისმიერი საქონელი თუ უბრალოდ დაისვენოს. ამგვარ საზოგადოებაში, თითოეული ინდივიდის წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ მის საკუთარ ძალისხმევასა და ინიციატივაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინსტიტუტების გამართული მუშაობაც, რათა არ მოხდეს ადამიანების დისკრიმინაცია მათი შეხედულებების, რწმენისა თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით, ამისათვის კი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.

მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ეკონომიკური, სამოქალაქო  და პოლიტიტკური თავისუფლებებიც. პოლიტიკური თავისუფლება მოიაზრებს მოქალაქეთა უფლების დაცვას მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებში, იქნება ეს ლობიზმი თუ არჩევნებში მონაწილეობა, ასევე არჩევნები უნდა ხასიათდებოდეს მაღალი გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ხარისხით. არ უნდა მოხდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა და სხვა. რაც შეეხება სამოქალაქო თავისუფლებას, იგი ხასიათდება ისეთი პრინციპებით, როგორებიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება და სხვა.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ რა უნდა იყოს სახელმწიფოს როლი ეკონომიკური თავისუფლების გზაზე, უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობთ იმგვარ საკითებს რასაც ბაზარი თავად ვერ არეგულირებს, თუმცაღა ესაც ფართო დისკუსიის საკითხია.

ეკონომიკური თავისუფლების განხილვისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის თანამშრომლობა. ზოგადად, სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ერევე სუბიექტის ინდივიდუალურ ავტონომიაში ეკონომიკური თავისუფლების შემზღუდავია, თუმცა მიზანი არ არის ის, რომ სახელმწიფოს ქმედება  უბრალოდ გავაქროთ ეკონომიკური აქტივობებიდან. აბსოლუტური თავისუფლების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ გვჭირდება სახელმწიფო რათა შექმნას სამართლიანი ჩარჩო პირობები მთელი საზოგადოებისათვის რითაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ყოველი მათგანის თავისუფლებას და მეორეს მხრივ დაიცავს მათ საკუთარი უფლებების შეზღუდვისა და სხვების მიერ შელახვისაგან.

ნაშრომში აღწერილია ეკონომიკური თავისუფლების გაზომვის საუკეთესო პარამატრი „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“. თუ რას ემყარება მისი მეთოდოლოგია და რომელ ასპექტებს ფარავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ყოფიდან.

ასევე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ თუ რატომ მიისწრაფვის თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლებისკენ. თუკი გავაანალიზებთ მაკროენომიკის ფუნდამენტურ პრინციპებს ადვილად დავასკვნით, რომ ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც მოსალოდნელია რომ გაზრდის მოხმარებას, ინვესტიციებს, სახელმწიფო ხარჯებს ან/და წმინდა ექსპორტს სხვა თანაბარ პირობებში დადებით გავლენას მოახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. დღევანდელ მსოფლიოში, მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის რომ ეკონომიკური თავისუფლება სწორედ ამგვარი ცნებაა და ის ხელს უწყობს ჩვენ მიერ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების წახალისებას. მაგალითად, კერძო საკუთრების დაცულობის გარეშე შეუძლებელია ვიზრონოთ თუნდაც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე, ასევე კერძო საკუთრების დაუცველობა მეტად უარყოფითი სიგნალია ნებისმიერი ინვესტორისათვის. ეკონომიკური თავისუფლება მოიაზრებს კორუფციასაც, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება დიდწილად კარგავს სახელმწიფოს მიმართ რწმენას რომ მას შეუძლია მართოს პროცესები ადამიანთა საკეთილდღეოდ. ცხადია, კორუფციის მაღალი დონე ვერ იქნება ეკონომიკური განვიტარების მასტიმულირებელი აქტივობა. ეკონომიკური თავისუფლების მნიშნელოვანი კრიტერიუმია ფისკალური თავისუფლებაც, რომელიც გულისხმობს საგადასახადო ტვირთის სიმცირესა და სახელმწიფო ფინენსების გამჭვირვალობას. მცირე საგდასახადო ტვირთი სხვა თანაბარ პირობებში კი ასტიმულირებს ეკონომიკურ აქტივობებს და ზრდის ინვესტიციების დონეს ქვეყანაში.

და მაინც, რა არის ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალური დონე? ცხადია, ამ კითხვას ვერ ექნება კონკრეტული პასუხი. ეკონომიკური თავისუფლება იცვლება დროსა და სივრცეში, იგი ყოველდღიურად ვითარდება და მოდიფიცირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესაბამისად.

სწორედ თავისუფლების განვითარება მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ ხელშეწყობას. სახელმწიფოს ქმედების არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს სამართლიანობისა და თავისუფლების განცდა თითოეული მოქალაქისათვის. სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის მიმართულია არა თავისუფლების შეზღუდვისკენ არამედ გაფართოებისა და განმტკიცებისაკენ. მისი ძირითადი ფუნქციები უნდა შემოიფარგლოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ, ასევე ქვეყენაში წესრიგისა და კანონის უზენაესობის დაცვისაკენ.